ფინეთის ქალაქ ვანტააში (ვანტაა ჰელსინკის ქალაქ-თანამგზავრია, მდებარეობს ჰელსინკიდან 19 კილომეტრში) ჩატარდა 2021 წლის სუდირმანის თასის გათამაშება შერეულ გუნდებში. გამარჯვებული ისევ ჩინეთი გახდა, რომელმაც ფინალში იაპონია დაამარცხა.
იაპონელები იმედოვნებდნენ, რომ 2019 წლის ფინალის რიმეიქი უკვე მათი წარმატებით დასრულდებოდა, თუმცა ჩინეთმა შესანიშნავი თამაშით ყველას პასუხი გასცა, ვინც ბოლო პერიოდში ამ გუნდის დასუსტებაზე საუბრობდა.
ნახევარფინალში ჩინეთმა სამხრეთ კორეა დაამარცხა 3:0, მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი იაპონიამ მალაიზიას 3:1 სძლია და ისტორიაში მესამედ (ზედიზედ მეორედ) გავიდა ფინალში. ფინალურ შეხვედრაში კი, როგორც აღვნიშნეთ, უფრო ძლიერი ისევ ჩინეთის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ჩინეთის საჩემპიონო გზა კი ასეთი იყო: ჩინეთი – ფინეთი 5:0 ჩინეთი – ინდოეთი 5:0 ჩინეთი – ტაილნადი 3:2 ჩინეთი – დანია 3:2 ჩინეთი – სამხრეთ კორეა 3:0 ჩინეთი – იაპონია 3:1
თითოეული რაუნდი 5 მატჩისგან შედგება: ქალთა და მამაკაცთა „ერთეულთა“ შეხვედრა, ქალთა და მამაკაცთა წყვილები და შერეული წყვილები.
აღსანიშნავია, რომ სუდირმანის თასს საპრიზო ფონდი არ გააჩნია, სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის პრესტიჟისა და სარეიტინგო ქულებისთვის იბრძვიან.
სუდირმანის თასი (Sudirman Cup) ცნობილი ინდონეზიელი ბადმინტონისტის დიკ სუდირმანის პატივსაცემად ჰქვია. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ გუნდებს შორის 1989 წელს ჩატარდა ჯაკარტაში (ინდონეზია), წლევანდელი ჩემპიონატი რიგით მე-17 იყო. შეჯიბრი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა მისი მოგება მხოლოდ სამმა გუნდმა მოახერხა – ერთხელ ინდონეზიამ, 4-ჯერ კორეამ და ახლა უკვე 12-ჯერ ჩინეთმა.